ძიება

LEXI.GE

თქვენი პოეზიის სახმყარო

კატეგორია

ბექა ახალაია

ბექა ახალაია / ალტერნატივა

ნუ გეგონება,რომ ამ ლექსით რამეს ვუმიზნებ,
რასაც ჩამოვწერ,სატრაბახო ალბათ ვერც არი:
დავაბინავე მტვრიან სხვენში (ჩუმად) უვიზო,
არალეგალი (ახალგაზრდა) ორი მერცხალი.

გიჟი არა ვარ,თუ ჩავიცვამ ბოლო მოდაზე
და პანთეონში გადავკოცნი ხეებს წიწვიანს,
მარცხენა მხრებზე დაწოლილი მკვდრები როდესაც,
შუაღამისპირს დაბუჟებულ გვერდებს იცვლიან.

ნუ გაიკვირვებ,თუ ვიცინი,მაგრამ მალევე,
თუკი მარტივით დავიჭირე უცებ ავდრები,
ღვინოს გადავღვრი,თუმცა (იცი) მიყვარს დალევა,
ყანწს ავავსებ და ქლორიანი წყლით თუ დავთვრები.

არ გაგიკვირდეს,ნევროზი მაქვს რადგან ამჟამად,
ძილს გოგოსავით ყოველ ღამე ლექსით თუ ვაბამ,
არ გაგიკვირდეს,ღორის ხორცთან ტორტი თუ ვჭამე,
ანდა ელარჯი მივატანე ლეღვის მურაბას.

თუ გავცოცხლდები(ყველაფერი უცებ მბეზრდება
და სიმარტივეს შეგნებულად (რა ვქნა) ვართულებ)-
სიკვდილის კუდი დაღლილ გულზე რომ ჩამეზრდება,
როგორც სარეცხის გასაფენი ტყემალს მავთული

ნუ გაიკვირვებ,თუ არ მიღირს ჩირად ის წლები
და ვინმემ ჩემი ცოდვები თუ გამჩენს ახარა,
რა ვქნა ძვირფასო,ასეთი ვარ,ვერ შევიცვლები,
შეძლებ?გამიგე,თუ არადა…ამ ჩემს ჭაღარას!

ბექა ახალაია / ამარტი

მე მარტო,შენ მარტო და მარტი,
შენ ქალი,მე კაცი და ასე,
მე ლოდი,შენ კიდე ამარტი,
მე დაგცლი,შენ კიდე ამავსე.

მიყვარხარ,თუ გინდა სიმართლე.
თვალების მოწყენით შეხევა-
მთვარე რომ დილისკენ მიმათრევს,
შენ როცა სიზმრები გეხვევა,

ამომაქვს ძალიან სათუთი
და ხელებს მივუშვერ ინახად:
შენს სახეს,რომელსაც ქუთუთოს
მარცხენა კუთხეში ვინახავ!

ბექა ახალაია / დაბადება

ასე დავიწყოთ:ათას ცხრაას ამა და ამ წელს,
(ბოლო რიცხვები (შენი ხათრით) მგონი ლუწია)
არც ტიტანიკი ამოწია ფსკერიდან ამწემ,
აღარც ოქტომბრის(და არც სხვა თვის) რევოლუცია

არ მოხდა.sting-ი დამერწმუნე ისე არ ტიპობს
და არც ლადოსი ოცდაექვს წელს ასცდა ასაკი,
არც ბაბუაჩემს დაუდგინეს ფილტვების კიბო,
არც ხიროსიმა დაბომბეს და არც ნაგასაკი.

არც შავ ,,ოცდაოთხს” დაეკარგა ფერი და ფასი,
არც აფრიკაში არ ჩახოცეს ანტილოპები,
ჯეკ კერუაკმა არ დაწერა თავისი ,,გზაზე”
და მასტერსმა კი ,,სპუნ რივერის ანთოლოგია”.

არც ავლაბარში მიიცვალა ქურთი გარიკა,
არც ჩემს სოფელში მოიპარეს დენის სადენი,
არც ,,ოდისეა” გადაიღო სტენლი კუბრიკმა,
და არც მთვარეზე არ გაფრინდა ედვინ ოლდრინი.

იმ წელს არ მოხდა სასწაული-ტელევიზია,
მსოფლიო ომი არც პირველი და არც მეორე
არც დაიწყო და არც დამთავრდა.მადამ,მუსიე-
არც დონატელა დაიბადა და არც დიორი.

არც ელექტრონი არ შეება სასტიკად წკვარამს
და არც პიკასო მიიცვალა ძლიერ ბებერი,
რაც ვთქვი,არც ერთი არ მომხდარა და აღარც სხვა რამ,
რაც მოხდა,ხატავს იმ წელიწადს,კი არ შეჰფერის.

ვიტყვი რაც მოხდა,არაფერიც არ მოხდა მეტი,
დაღლა გამხელის ძლიერ სურვილს სანამ მოხევდეს:
დროის სათუთი არტერია გაიჭრა ბედით,
ოცდაოთხი წლის სიმაღლეზე შენ ამოხეთქე!

ბექა ახალაია / ვეცადოთ მუდამ (მოდი)

ვეცადოთ მუდამ,ჩვენი კარი სულ იყოს ღია,
ჩემი და შენი თვალებიდან ოთხპირი ქროდეს,
ასე თუ ისე,ახლა თითქმის ოჯახი გვქვია…
(ვკითხულობ ჯოისს,შენ კი მგონი აპირებ დოდეს)

ვეცადოთ მოდი,ნუ მოვუსმენთ კატების კნავილს,
(უფალს მადლობა მოდი თუნდაც ამაღამ ვუთხრათ)
ქარს რომ გლდანამდე აღარ ყოფნის თავისი თავი,
სულის შებერვით გადავუსხათ ჯანსაღი სუნთქვა.

ვეცადოთ მუდამ,ჩვენს ოთახში სულ ენთოს კვარი,
სულ მუდამ იდგეს ზომიერი შუქი და სითბო,
(სხვებისთვის ვიცი,მიზერია,ჩვენთვის კი კმარა)
სიგარეტს ვაგდებ,ქუჩას ხანძარს ვუკიდებ თითქოს-

ვეცადოთ მოდი,შეიტრუსოს აპრილი ხანძრით,
ზეცამ დაკარგოს უჩვეულოდ ლამაზი ქობა,
მოდი,გავიღოთ უშურველად ფული და განძი,
ოღონდ ტვინამდე არ მივიდეს ასეთი ცნობა:

,,გულიდან გაიპარა სიყვარული,
შემჩნეულ იქნა მარჯვენა მუხლთან,
სავარაუდოდ ფეხის ცერათითში იმალება!”

ბექა ახალაია / თ-10-ა

მე ავასრულებ,შენ ხომ იცი,რომ დაგპირდები,
შენი გულისთვის ფეხით(იცი) ჩავალ მექამდე,
ოდესღაც ბავშვი ბუნჩულა და თეთრი თითებით,
თვალს და ხელს შუა,ასე უცებ შემომექალდი.

ჩემი ხომ გჯერა,მე ვიქნები (ვფეთქავ სანამდე)
შენი ცხოვრების უზრუნველი გამის თავდები,
მაგ ცხოვრებაში სიყვარულიც შემოანათებს,
ხოდა ერთ დღესაც უკითხავად გამითხოვდები.

ვინც იბოროტა,ცხოვრებაში არა შერჩა რა,
უნდა ამიტომ ავქალობას მისცე ანული,
ჰაიდეგერმა დაგილოცა ფართე ,,თემშარა”,
შენში იოტიც აღარ არის ნიცშეანური.

მე კი ლექსები ზეციერმა ლოცვად გამიგო,
თეთრად საღამო თვეში ერთხელ თითო ვათიე,
სხვა რაღა გითხრა,რომ იტყვიან,პოეტ ძამიკოს,
მაგრად უყვარხართ სათითაოდ თ თუ 10-ა!

თათიას(დაიკოს)

Create a free website or blog at WordPress.com.

ზედა ↑